საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიუ იორკში დაკავებული ოლეგ შარიფოვი დიპლომატიურ საქმიანობას არ ეწევა.
"ის დიპლომატი არ არის. შესაბამისად, შარიფოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. დანარჩენი სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივაა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიუ იორკში ქურდობისთვის საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანმხლები პირი დააკავეს.როგორც "ნიუ-იორკ ვები" წერს, დიპლომატიური ხელშეუხებლობით მოსარგებლე ოლეგ შარიფოვის აყვანა 6 მარტს, მაღაზია Century 21-ში, ქურდობის ფაქტზე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, 33 წლის შარიფოვმა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანმხლები პირი იყო, მაღაზიაში 443 დოლარისა და 62 ცენტის ნივთები მოიპარა. "პოლიცია დაუკავშირდა სახელმწიფო დეპარტამენსტს, სადაც მას დაუდასტურეს, რომ შარიფოვი სარგებლობდა სრული დიპლომატიური ხელშეუხებლობით, რის გამოც მისი დაკავება ანულორებული იქნა, ბრალი კი მოხსნილი, პიროვნება მისიის წარმომადგენლებს გადაეცათ", - წერს გამოცემა. "ნიუ-იორკ ვების" ცნობით, ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ უკვე დაადასტურა, რომ ოლეგ შარიფოვი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა.