ლიბიის სიდიდით მეორე საექსპორტო პორტის_რას-ლანუფის ნავთობის ობიექტები ცეცხლის ალშია გახვეული. როგორც იტარ-ტასი იტყობინება, იწვის ნავთობსაცავი, ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ობიექტები.
რას-ლანუფს, სადაც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხნები მდებარეობს, ამჟამად ოპოზიცია აკონტროლებს. დილიდან სახელისუფლო ავიაციამ ამ ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
თავის მხრივ, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ანტისახელისუფლო ძალები "რას-ლანუფის ნავთობის ობიექტებს აფეთქებენ და აღმოსავლეთისკენ უკან დახევას გეგმავენ".
ლიბიის ნავთობმრეწველობის ობიექტთა განადგურება მსოფლიო ბიზნესისა და მრავალი ქვეყნის ხელისუფალთა შეშფოთებას იწვევს.
როგორც ლონდონის დიპლომატიურ წრეებში იტყობინებიან,ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის თაობაზე ეგვიპტემ ლიბიის მხარესთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.