საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხვა, რომელიც ოჯახში ძალადობის პრობლემის კვლევას ისახავდა მიზნად, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. გამოიკითხა 1250-მდე ადამიანი. კვლევის შედეგებით საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.
მამების 52%, დედების 46% და მასწავლებლების 35% ძალადობს ბავშვზე; გამოკითხულ მსხვერპლთა 58% ქუჩაში გასვლისას, ხოლო 48% სახლში დარჩენისას ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ; გამოკითხულ მსხვერპლთა 60% ამბობს, რომ ბავშვობაზე მამის მხრიდან დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის, 50% ფიზიკური ძალადობის, ხოლო 15% სექსუალური ძალადობის მომსწრე გახდა; გამოკითხულ მსხვერპლთა 8% ინცესტის, 4% თანატოლების მხრიდან, ხოლო 20% უფროსების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია; საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.
პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად" მესამე წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და „ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან" ერთად ახორცილებს. პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო მოხელეები, პოლიციელები, ექიმები, სოციალური სფეროს მუშაკები და სხვა სპეციალისტები.
პროექტის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოება - საქართველოში ძალადობის გავრცელებაზე კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და ძალადობის მსხვერპლთათვის დროული და პროფესიული დამხარების აღმოჩენა.