10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯვალაძის ინფორაციით, ვიზიტი საინვესტიციო ხასიათისაა.
"საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს იწყებს, რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა. ვიზიტის ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდება, სადაც ხელი მოეწერება კონტრაქტს, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორცილებას ითვალისწინებს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დომინიკ შტრაუს-კანს შეხვდება.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოსთან სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობას", - აღნიშნა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა და აქვე დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთანაც გამართავს.
მანჯგალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას ასევე სენატის ხელმძღვანელობასთანაც გამართავს.
რაც შეეხება ვიზიტის ხანგძლივობას, პრეზიდენტის პრეს სპიკერის განცხადებით, "დატვირთული ვიზიტია და წინასწარ უცნობია რამდენ დღეს გასტანს".
როგორც ცნობილია, ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ქართველ პარტნიორ "სილქ როუდ ჯგუფთან", ნიუ-იორკში მემორანდუმს გააფორმებს, რომელიც პირველ ეტაპზე თბილისში, საქანელას ქუჩისა და ვარდების მოედნის რეკონსტრუქციას და ბათუმში სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.
ამასთან, კომპანია The Trump Organization-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ ამერიკელმა მილიარდელმა, დონალდ ტრამპმა უკვე განსაზღვრა საქართველოში "ტრამპის ცათამბჯენის" მშენებლობის ადგილი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში ინვესტირების საკითხი ჯერ კიდევ 2010 წლის დასაწყისში, ამერიკაში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განიხილა.