დეპუტატები მინისტრებისგან მათი სფეროების განვითარების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ელოდებიან. როგორც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, დეპუტატმა გია თორთლაძემ აღნიშნა, მინისტრების პარლამენტში დაბარების ახალი ფორმატი შემუშავდა და პირველად ხდება მათი საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ინტენსივობით მოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"პრემიერ-მინისტრი ჩააბარებს ანგარიშს პარლამენტს, რის შემდეგაც შეხვედრა მინისტრებთან გაიმართება. ყველა მინისტრს დავუსვამთ კითხვას და დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას", - აღნიშნა დეპუტატმა.
უმცირესობის წევრის გურამ ჩახვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდა შეთანხმება, რომ პარლამენტში არა მარტო ცალკეული მინისტრები გამოვლენ, არამედ მთლიანად კაბინეტი და პრემიერი წარსდგება.
"შევთანხმდით, რომ არ იქნება მხოლოდ კითხვები, არამედ იქნება საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებზე და გეგმაზე, რათა ეს პრობლემები მოიხსნას და შევიმუშაოთ სამოქმედო რუკა, სამოქმედო გეზი, პრობლემების აღმოსაფხვრელად", - აღნიშნა ჩახვაძემ.