მთავრობის წევრებთან დებატებს პარლამენტში მთლიანი კვირა მიეძღვნება. ამის შესახებ დღეს უმრავლესობასა და უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განუცხადა.
"მთელი კვირა დაეთმობა მინისტრთა კაბინეტის მოსმენას და ეს კვირა იქნება საგანგებო პლენარული კვირა, რომლის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი, მთავრობის მოსმენა იქნება", - აღნიშნა ბაქრაძემ და აქვე დასძინა, რომ დეპუტატების წინადადება იყო მინისტრთა კაბინეტის მოსმენის შემდეგ, დამატებითი მოსმენები მოხდეს მინისტრებისა საზოგადოებისთვის აქტიურ თემებზე - სოციალურ საკითხებზე, ფასების ზრდაზე, ინფლაციაზე, დასაქმებაზე და ა.შ.
ბაქრაძის თქმით, ამ თემებზე ცალკეულ მინისტრებთან დამატებითი პოლიტიკური დებატები შედგება.
რაც შეეხება მინისტრების პარლამენტში მისვლის დროს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დამატებითი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გაიმართება და სავარაუდოდ, მინისტრებს პარლამენტში მარტის ბოლოსთვის მოუსმენენ.
"თუ დებატები კარგად, მომზადებულად და ხარისხიანად ჩაივლის, ასეთი დებატები შეიძლება სხვა დროსაც შედგეს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტში საგანგებო კვირას პრემიერ-მინისტრი გახსნის, სხდომები ოთხ დღეს გაგრძელდება, პარლამენტში ყველა მინისტრი მივა და ერთ დღეს დაახლოებით სამ მინისტრს მოუსმენენ.