პირადი მცველი ქალწული-კომანდოსები, რომლებიც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის არეულობამდე იცავდნენ, რევოლუციის დროს გაუჩინარდნენ. ამის შესახებ იტალიური გაზეთი Corriere della Sera იტყობინება. არაა გამორიცხული, პირადმა დაცვამ მას შემდეგ მიატოვა ქვეყანა, რაც კადაფიმ ისინი გაათავისუფლა. თუმცა მეორე ვერსიით, შესაძლოა,ისინი მიუწვდომელ ბუნკერში კადაფისთან ერთად ჩაიკეტნენ და მის მსახურებას განაგრძობენ. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, "ამაზონი" ქალები ტრიპოლში მდებარე ბაბ ალ-აზიზიეს ბუნკერ-ყაზარმაში არიან ჩაკეტილები.
თავის დროზე მანდილოსნებისგან პირადი დაცვის შექმნა მუამარ კადაფის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მრჩეველმა ურჩია. თუმცა ბოლოდროინდელი საჯარო გამოსვლების დროს კადაფი 40 მშვენიერი პირადი მცველის გარემოცვაში არ იმყოფებოდა. სახალხო მღელვარების დაწყების პირველივე დღიდან მუამარ კადაფის მხოლოდ მამაკაცი მებრძოლები ახლავს.
უკრაინელი მედდის გალინა კოლოტნიცკაიასგან განსხვავებით, 40 რჩეული ქალწული-კომანდოსი კადაფის მიმართ ერთგულებით გამოირჩევა და ქორწინებაც ეკრძალება.
1998 წელს ლიბიის ლიდერის დაცვის დროს ერთ-ერთი "ამაზონი" დაიღუპა და შვიდმა მათგანმა მძიმე ჭრილობა მიიღო.
კომანდოსი-მანდილოსნების მისიის შექმნა ცივი ომის დროს აღმოსავლეთ გერმანიის ჯაშუშ კარლ ჰანსის იდეა იყო. როგორც ჩანს, ამაზონების ისტორია კვლავაც გრძელდება. კომანდოსი ქალწულები, შესაძლოა, კიდევ დასჭირდეს პოლკოვნიკ კადაფის, თუკი იგი უკანასკნელ წუთამდე პოზიციებს არ დათმობს.
სხვა ინფორმაციის თანახმად, კომანდოსმა ქალწულებმა შეჰფიცეს, რომ კადაფისთვის სიცოცხლეს გაწირავდნენ. შესაბამისად, მათ ევალებათ 24 საათის მანძილზე ახლდნენ კადაფის. ამასთან, ლიბიის ლიდერის მოთხოვნაა, რომ ისინი ქალწულებად დარჩნენ.
კადაფის პირადი მცველების პოსტი ლიბიაში პრესტიჟულად მიიჩნევა. კანდიდატურები სპეციალურ სასწავლებელში გადიან მომზადებას, სადაც მათგან მკაცრ ფიზიკურ მომზადებას ითხოვენ. ვინც ამ სწავლებას გაივლის, მაღალკვალიფიციურ ქილერად, სროლისა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატად მიიჩნევა.
მათი საბოლოო შერჩევა კი მუამარ კადაფის პრეროგატივაა. ამბობენ იმასაც, რომ კადაფი მათგან ინტიმურ მსახურებასაც მოითხოვს.
მუამარ კადაფის პირადი მცველი ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამენ, მანიკურსაც ისვამენ და სამკაულებსაც ატარებენ, თუმცა მათი საბრძოლო მომზადება არაერთხელ შეუმოწმებიათ. როგორც ამბობენ, კადაფის მანდილოსნებს სპეციალური მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომლითაც ისინი პოტენციური საშიშროების დროს მამაკაცებზე სწრაფად რეაგირებენ.