საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ინიციატივით საბაზისო პენსიის 100 ლარამდე გაზრდა მიესალმება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა.
"პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული პენსიების 100 ლარამდე გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ღონისძიებები ინფლაციური პრობლემებით გამოწვეული ტვირთვის შემსუბუქებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლის 1-ელი სექტემბრიდან პენსიონერებს შორის დისბალანსი დედაქალაქსა და რეგიონებს შორის აღმოფხვრილი იქნება", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, პენსიების მატებით არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის 4,3% ზრდა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და შენარჩუნდება ეკონომიკურ ზრდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო დანამატები სოციალურ პროექტებზე იქნება ორიენტირებული", - აღნიშნა დეპუტატმა.
მელიქიშვილის თქმით, პარლამენტი მზად სრულმასშტაბიანი საპენსიო პროექტის მომზადებაში მთავრობასთან ითანამშრომლოს და მის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
"სრულმასშტაბიანი საპენსიო რეფორმის მომზადება ითვალისწინებს პენსიონერებისთვის 100 დოლარია პაკეტის შეთავაზებას", - დასძინა მელიქიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ მთავრობა ინფლაციით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობისთვის მოკლევადიან პროგრამებსაც ახორცილებს.