"ქრისტიან-დემოკრატები" მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას 11 მარტის პლენარულ სხდომაზე გადადებას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს, პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
"მედიაგამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიებიდან საგაზაფხულო სესიისთვის იმიტომ გადავდეთ, რომ დამატებითი კონსულტაციები გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ აგამართულა და ამიტომ გაუგებარია მისი პარასკევის პლენარულ სხდომაზე მისი გატანა", - აღნიშნა ვეფხვაძემ და აქვე დასძინა, რომ თუ უმრავლესობა აპირებს იმ სახით მიიღოს კანონპროექტი, რომელიც უკვე შემუშავებულია მაშინ ამის შესახებ საქმის კურსში მაინც უნდა ჩააყენონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარასკევამდე საკმარის დროა კონსულტაციებისთვის, მაგრამ თუ ვერ მოხდება პრინციპული შეთანხმება კანონპროექტის განხილვის გადადებაც შეიძლება.