„მაშინ როცა ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე და ჯანდაცვაც ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პენსიების გაზრდა" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ დღეს, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაცია "ბეთელში" სტუმრობისას, სადაც "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა მოხუც ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
გიორგი თარგამაძის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანაა დროულად აღმოიფხვრას არსებული უთანასწორობა და პენსიები გათანაბრდეს რეგიონებსა და დედაქალაქში მცხოვრებთათვის, ასევე - ქვეყნის ყველაზე დამსახურებული ადამიანებისთვის პენსიების ზრდის დინამიკა გახდეს შეუქცევადი და იგი რეალურად გაუტოლდეს სამომხმარებლო კალათის მინიმუმს მაინც
თარგამაძის თქმით, ქდმ დიდი ხანია საუბრობს საპენსიო რეფორმისა და საგადასახდო სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგადასახადო სისტემაში დაანონსებული რეფორმა და საკადრო გადაწყვეტილებები მიმართული უნდა იყოს ბიზნესის, პირველ რიგში კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ნდობასა და ინტერესებზე. სახელმწიფომ მეწარმეები არა მტრებად, არამედ პარტნიორებად უნდა განიხილოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი დამოკიდებულება ბევრად უკეთეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე ჩასაფრების და მარწუხების მოჭერის პოლიტიკა" განაცხადა თარგამაძემ.