საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გამო გული წყდება.
"რუსეთის მოქალაქეობა და ზოგადად რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და არ აქვს მნიშვნელობა, ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ არა. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, როგორც საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. პასპორტი კი იმიტომ დავთმე, რომ ავიტანდი ყველაფერს გარდა იმისა, სახელმწიფო დუმაში მოლაპარაკე თავები ჩემთვის პასპორტის ჩამორთმევას რომ მოითხოვდნენ. დიახ, რომ არა ამ საკითხის განხილვა დუმაში, მე მას დავიტოვებდი, და სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არავის აზრი არ მაინტერესებს. ზოგადად იმაზე, რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, არავის აზრი არ მაინტერესებს", - აცხადებს ვაშაძე რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, საქართველოს მთავარ დიპლომატს რადიოს კორესპონდენტმა რუსეთის შიდაპოლიტიკური სიტუაციის შეფასებაც სთხოვა, რაც ვაშაძის შეფასებით, მისი მხრიდან "უტაქტობა იქნება".
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რუსეთის შიდა პოლიტიკური სიტუაციის შეფასება სერიოზული უტაქტობა იქნებოდა. მე არ ვარ ლავროვი. აბსოლუტურად მჯერა - და ამაზე მეტს ნუ მკითხავთ, რომ კრემლის დღევანდელმა რეჟიმმა ამოწურა ქვეყნის მართვის ყველა ის საშუალება, რომელსაც აქამდე იყენებდა", - განმარტა მან.