საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ქვეყანას ნატოში გაწევრიანების პროცესში ნახევარი გზა გავლილი აქვს.
"საქართველოს სურს გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი და ამ მხრივ ნახევარი გზა გავლილი გვაქვს - არსებობს ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რაც, ფაქტობრივად, იგივეა, რაც „მაპი". სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ შინაარსი იგივეა. ამიტომ, ჩვენ ალიანსის წევრებივით გვიწევს მოქმედება. ალიანსი ავღანეთშია, ამიტომ ჩვენც ავღანეთში ვართ", - აცხადებს ვაშაძე რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ქვეყნის მთავარი დიპლომატი საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტის ავღანეთში ყოფნას კიდევ ერთი მიზეზით ხსნის და არ გამორიცხავს, რომ რეგიონიდან შესაძლოა ისლამური ტერორისტების ტალღა გავრცელდეს.
"მინდა შეგახსენოთ, რომ დასავლეთი არ მისულა ავღანეთში. ავღანეთი მოვიდა ჩვენთან 2001 წლის 11 სექტემბერს. ამიტომ, როდესაც ამ რეგიონს უყურებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ; ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ და ღმერთმა დაიფაროს, კოალიცია დამარცხდეს - ან ავღანეთი ისევ გადაიქცეს ტერორისტების და ალ-ქაიდას თავშესაფრად. ამით საქართველო გაცილებით უფრო სწრაფად დაზარალდება, ვიდრე ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, ან ლუქსემბურგი. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ვართ ჩვენ ავღანეთში", - დასძენს ქვეყნის მთავარი დიპლომატი.