საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ, მიშელინ კალმი-რეისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე.