სამთავრობო საათის გარდა, პარლამენტში შესაძლოა მინისტრების მოსმენის ახალი ფორმატიც შეიქმნას.
შესაბამისი ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოვიდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მოიწონა.
"დაგეთანხმებით, რომ მთავრობა და პარლამენტი უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს. საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კონკრეტულ სფეროებში და რას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობა, ინფლაცია, ფასების ზრდა და ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს", - აღნიშნა ბაქრაძემ თარგამაძის ინიციატივაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება.
"მოვიფიქროთ, რა ფორმით შეიძლება ეს გაკეთდეს. გეთანხმებით, რომ სამთავრობო საათის ფორმატი საკმაოდ შეზღუდულია და თვეში ერთხელ იმართება, ამიტომ შესაძლებელია გამოვიყენოთ სამთავრობო საათიც და სხვა ფორმებზეც შევთანხმდეთ ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.