მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიაქის კირილის კურთხევით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილის სამხედროთა "სულიერი გამოკვებისათვის" მოსკოვის საპატრიაქოდან ღვთისმსახური გაიგზავნა.
რუსეთის საპატრიაქოდან აფხაზეთში გამოგზავნილი მამა ალექსანდრე რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის სამხედროთა სულიერი მოძღვარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გუდაუთაში არსებულ ბომბორას სამხედრო ბაზაზე კარვული ტაძარი აიგება, სადაც ღვთისმსახურებისათვის აღვლენისათვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. აქვე მამა ალექსანდრე სამხედროთაგან აღსარებებს ჩაიბარებს და აზიარებს მათ.
აფხაზური მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ღვთისმსახურის ჩამოსვლა არის სრულიად რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების ნათელი მაგალითი.
2009 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედევდევი სამხედრო ნაწილების მღვდლების ინსტიტუტის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. დღეისათვის უკვე, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ორი ათასამდე ღვთისმსახური მოძღვაწეობს. მათი ძირითადი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელია იმიტომ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა 80 % სწორედ მართლმადედებლური სარწმუნოებისაა.