ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სოფელ ფოცხოსთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ ატეხილ სკანდალს "პოპულიზმს" უწოდებს.
"ბოლო დროს ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაური ფოცხოსთან დაკავშირებით არის პოპულიზმი და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იქ არავინ ძალით არ ჩაუსახლებია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სუბელიანის უწყების ინფორმაციით, ფოცხოში 240 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აქედან 82 დევნილი ოჯახი იქ 17 წლის წინ ჩასახლდა.
"136 ოჯახი ჩავასახლეთ განცხადებით მომართვის საფუძველზე, ხოლო თბილისიდან ჩასახლდა 22 ოჯახი, რომელთაც არჩევანი გააკეთეს არსებული შეთავაზებებიდან: ბაკურციხე, ოქტომბერი, ჩხოროწყუ, წინწყარო, აბაშა და ა.შ", - აღნიშნულია განცხადებაში.