დღეს, 4 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-15 რაუნდი გაიმართება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ამ რაუნდში მონაწილეობის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.
საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებზე ისინი კვლავ საქართველოთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.
ოს სეპარატისტთა დელეგაციის ე.წ. ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ მოლალპარაკებათა ამ რაუნდზე ისინი "თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს მთელი სიმწვავით დააყენებენ".
აფხაზი სეპარატისტების დელეგაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა კი აცხადებს, რომ "თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისა, თუ რატომ მონაწილეობს აფხაზური მხარე ამ მოლაპარაკებებში".
აღსანიშნავია, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ამ რაუნდზე აფხაზურმა მხარემ თავისი დელეგაციის შემადგენლობაში გალის რაიონში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ყოფილი რწმუნებული, ამჟამად კი აფხაზური ე.წ. პარლამენტის დეპუტატი რუსლან ქიშმარია ჩართო.
მოლაპარაკებათა ამ რაუნდთან დაკავშირებით, დიალოგში ჩართული რუსული მხარის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე გარდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებისა საქართველოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის, ასევე მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარემ დიალოგის დროს ზრდილობიანი ლექსიკით ისაუბროს.
ქართულ მხარე მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე მოითხოვს, რუსეთმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ეს ვალდებულება საქართველოს პრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იკისრა. ქართული მხარის მეორე მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას ეხება, ეს გულისხმობს საერთაშორისო საპოლიციო ძალების შესვლას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. თბილისის მესამე მოთხოვნა კი დევნილების დაბრუნებას შეეხება.
შეგახსნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თბილისი, სოხუმი და ცხინვლი უკვე მოინახულეს და დღის წესრიგში განსახილველი საკითხები შეათანხმეს.