გაფართოვებასა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა "დიქტატორებს", რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ.
"ძალიან ბევრი ჩვენგანი იმ ვარაუდის მსხვერპლი გახდა, რომ ავტორიტარული რეჟიმები რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა "დიქტატორებს", რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ. ტუნისის, ქაიროს და სხვა ქალაქების ქუჩებში ადამიანები იმ ღირებულებებისთვის იბრძვიან, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ მათთან ერთად და მათთვის უნდა ვიმოქედოთ დღეს და არ უნდა ვითანამშრომლოთ დიქტატორებთან, რომლებიც ამ წუთებშიც საკუთარი მოქალაქეების სისხლს ღვრიან, რითაც ადამიანის სიცოცხლისადმი აბსოლუტურ გულგრილობას ავლენენ", - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მისი თქმით, ევროპამ უნდა მოახდინოს რეაგირება იმ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც მისგან სამხრეთით მდებარეობენ ზუსტად ისე, როგორც ის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში სხვა რეჟიმების მიმართ მსგავს აჯანყებებზე რეაგირებდა.
"ევროპამ უნდა შესძლოს და შესძლებს კიდეც გამოწვევების მიღებას და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისკენ გადასვლას ჩრდილოეთ- აფრიკაში, როგორც ეს აღმოსავლეთ-ევროპაში 1989 წლის რევოლუციების შემდეგ გააკეთა", - განმარტა ფილემ და აქვე დასძინა, რომ მიგრაციის ზრდასთან, ნავთობზე ხელმისაწვდომობასთან ან ისლამისტების ზრდასთან დაკავშირებულმა შიშებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ევროპას რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში.
"დიახ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ტუნისიდან, ლიბიიდან და გარკვეული დოზით ეგვიპტიდანაც მიგრაციის მზარდი ნაკადის წინაშე. დიახ, ქვეყნებში რომლებიც დემოკრატიის გზას დაადგნენ, გარკვეული პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება, მათ შორის გაჩნდებიან ისლამისტური პარტიებიც და სავარაუდოდ ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიის წესებით თამაში არ მოუნდებათ. დიახ, ნავთობზე ფასები გაიზრდება, ინვესტიციები და ბიზნესები დაიკარგება. დიახ, ლიბიაში სამოქალაქო ომის და მასთან დაკავშირებული არასტაბილურობის საფრთხეა. ჩვენ ვიცით, რომ გათავისუფლებულ ცვლილებათა ძალას უმალ სტაბილური პოლიტიკური სისტემების შექმნა არ მოჰყვება, თუმცა ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს რისკები და მხედველობიდან არ გამიგვრჩეს ჩვენი გრძელვადიანი საერთო ამოცანა: დემოკრატიული, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი ჩრდილოეთ-აფრიკა", - დასძინა მან.