ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა.
დაახლოებით ორსაათიან შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკურ ვითარებაზე, ფისკალურ პოლიტიკაზე, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ფისკალური დეფიციტი, ინფლაცია, სახელმწიფო ვალი, სახელმწიფოს როლი ეკონომიკის განვითარებაში, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები და სხვა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა გაიზიარა სტუდენტების ინიციატივა და მათ შესთავაზა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საგრანტო პროგრამაში, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება. „ეს იქნება მცირე გრანტების პროგრამა საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე. რომელი სტუდენტიც საუკეთესო წინადადებას ან იდეას შემოგვთავაზებს, დაჯილდოვდება ფულადი გრანტით. ასეთი შეხვედრები ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, რადგან ვისაუბრეთ მომავალ ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან. მოვისმინეთ მათი შეხედულებები," - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.