საქართველოში მესამე და მეტი შვილის დაბადების ფაქტები გაიზარდა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2009 წლის განმავლობაში 6153 ბავშვი დაიბადა, რომელიც მშობლებისთვის მესამე შვილია, ხოლო გასული წლის განმავლობაში 6807 მესამე შვილის დაბადება დარეგისტრირდა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ცნობით, ბოლო ორ წელიწადში მოიმატა ოჯახში მეოთხე და მეტი შვილის დაბადების რაოდენობამაც:
2009 წლის სტატისტიკა 2010 წლის სტატისტიკა
მერამდენე შვილია?
მე-4 1305 (რაოდენობა) მე-4 1388 (რაოდენობა)
მე-5 352 მე-5 388
მე-6 118 მე-6 123
აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2006 წელს საქართველოში 46 060 დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს - 48 027, 2008 წელს - 57 263, 2009 წელს 61 839, ხოლო 2010 წელს 62 726 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, გასულ წელს დაბადებულთა შორის 52% ვაჟია, ხოლო 48 % - გოგონა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით საქართველოში შენარჩუნებულია ქორწინების ზრდის ტენდენციაც. 2010 წელს საქართველოში 31 464 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ბოლო ექვსი წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების მსურველთა რიცხვი სტაბილურად იმატებს.
2005 წელს 18 141 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2006 წელს - 21 876, 2007 წელს - 25 925, 2008 წელს - 31 310, 2009 წელს 31 319, ხოლო გასულ წელს 31 464-მა წყვილმა მოაწერა ხელი. ბოლო 6 წელიწადში ქორწინების რეგისტრაცია 73%-ით არის გაზრდილი.