"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ის წინადადება, რასაც ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მომუშავე ჯგუფს სთავაზობს, "იმაზე უარესია, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო".
"რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ეს არის უარესი, ვიდრე იყო წინა არჩევნებზე. კონკრეტულად, ის აპირებს დაიწყოს დისტრიბუცია პირადობის მოწმობების ეტაპობრივად, რაც ნიშნავს, რომ 2012 წელს მიმოქცევაში იქნება როგორც ახალი, ისე ძველი პირადობის მოწმობები. ეს გააჩენს დიდ გაუგებრობას, არეულობას და შექმნის კიდევ უფრო მეტ სირთულეს საარჩევნო უბნებზე, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა ვეფხვაძემ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ კონტექსტში, ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მზად არ არის მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე კონკრეტული პასუხები გასცეს.
"ე.წ. რვიანის ფორმატში ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა ხელისუფლებამ კონკრეტულ შეთავაზებეზე კონკრეტული პასუხების გაცემა უნდა დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერს ამბობს. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ არის მზად გასცეს კონკრეტული პასუხები შეკითხვებს", - განმარტა ვეფხვაძემ.