საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეგვიპტეში ვიზიტი დაასრულა. გრიგოლ ვაშაძემ ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ეგვიპტელ კოლეგასთან გამართა.
"საუბარი შეეხო საქართველოსა და ეგვიპტის ორმხრივ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა იმას, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, რომელი ძალა და დაჯგუფებაც არ უნდა მოვიდეს, საქართველოსა და ეგვიპტის თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე ეგვიპტეს გუშინ ეწვია. მის ფარგლებში საქართველოს მთავარი დიპლომატი არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს შეხვდა, რომელთანაც როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, ქართლ-ეგვიპტური ურთიერთოები განიხილა.
"დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება არაბულ ქვეყნებში.რა მიმართულების გეზის აღებას აპირებს პოლიტიკური ელიტა, რომ ჩვენც, ჩვენი პოლიტიკა არაბულ სამყაროსთან მიმართებაში იმ ფუნდამენტზე ავაგოთ", - განმარტა ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღესვე გრიგოლ ვაშაძე ეგვიპტიდან სლოვაკეთში გაემგზავრა, სადაც 2-დღიანი ვიზიტი აქვს დაგეგმილი.