"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სავაჭრო ქსელი "ნუგეში" ელიტარული კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება ყველა საშუალებით ებრძვის მცირე ბიზნესის განვითარებას.
"თუკი არსებობს ერთი ფაქტორი რომლითაც თავი დაგვამახსოვრა ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერმა ეს იყო ჯიხურების წინააღმდეგ ბრძოლა. დასაწყისში ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად დაწყებულმა კამპანიამ წლების მანძილზე საშიში სახე მიიღო და საბოლოოდ ერთი დიდი მონოპოლიური, ელიტარულ-კორუფციული სქემის ნაწილად იქცა. 2010 წელს თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, უკანონო და უსახური ჯიხურების დემონტაჟისათვის. ამ ტენდერში გამარჯვებულს 2010 წლის 25 დეკემბრამდე, 450,000 ლარად თბილისი ჯიხურებისაგან უნდა გაეწმინდა. ამ ტენდერის და მისი შედეგების შესახებ ჩვენთვის და საზოგადოებისათვის ცნობილია. თბილისში მრავალ ადგილზე პროცესი "წარმატებით", ტერიტორიების მცირე მეწარმეებისაგან გაწმენდით დასრულდა.
თუმცა თბილისელებმა არაფერი ვიცით სხვა კონკურსის ან ტენდერის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო და ყველა მცირე მეწარმეს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა უნდა მისცემოდა მონაწილეობა მიეღო ახალი ტიპის ჯიხურებით საქმიანობის გაგრძელებაში.", - განაცხადა ხიდაშელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საშუალებით ებრძვის ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად ებრძვის, ძლიერი სახელმწიფოს მთავარი საყრდენის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, ვინაიდან ავტორიტარული და ელიტარულ კორუფციაზე დაფუძნებული მმართველობისათვის სწორედ საშუალო ფენა არის მთავარი საფრთხე.
ხიდაშელის თქმით, რესპუბლიკური პარტია ელიტარული კორუფციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას კვლავ გააგრძელებს.