პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ხვალ, 3 მარტს დაკრძალავენ. მას საკუთარი სახლიდან (ბარათაშვილის ქ. 12, სადარბაზო 3) 14:00 საათზე გამოასვენებენ.
რამაზ კლიმიაშვილი გარდაცვლილი 28 თებერვალს, მცხეთის ქუჩა # 8-ში მდებარე ბინაში იპოვეს. პოლიტოლოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, რასაც შსს კლიმიაშვილის ახლობელი ქალის, მარინა ტერენტიევას ჩვენების საფუძველზე განიხილავს.
"მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ ის შემთხვევის წინა ღამითაც იმყოფებოდა გარდაცვლილის სახლში, რა დროსაც მან ბინაში გაზის მკვეთრი სუნი შეამჩნია და ნახა რომ გაზის ონკანი ღია იყო, რის შემდეგადაც ის გადაკეტა. მარინა ტერენტიავამ ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ცხედრის აღმოჩენის დროსაც ბინაში მკვეთრი გაზის სუნი იდგა და გაზის ონკანი ისევ ღია იყო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ერთ-ერთ მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
რამაზ კლიმიაშვილს რამდენიმე დღეში 70 წელი შეუსრულდებოდა.