დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის მოსახლეობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების უფროსის ზურაბ ნატროშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ადგილობრივები ნატროშვილს არაობიექტურად მუშაობაში ადანაშაულებენ და დახმარებას კახეთის გუბერნატორისგან ითხოვენ.
„სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები საარსებო შემწეობებს ვერ ვიღებთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში პრეტენზიებით მისულ ადამიანებს, სამსახურის უფროსი პასუხის ღირსადაც კი არ გვთვლის. არ გვისმენს. მარტო იმას ამბობს, სადაც გინდათ იქ იჩივლეთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთო", - აცხადებენ ადგილობრივები. მათივე თქმით, სოფელში არაერთი ისეთი ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას, რომელიც მატერიალურად მათზე შეძლებულად ცხოვრობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების უფროსი ზურაბ ნატროშვილი მირზაანის მაცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, ოჯახის სარეიტინგო ქულას, რომლის საფუძველზეც საარსებო შემწეობა ინიშნება, სააგენტოს თბილისის ოფისი ადგენს და არა ადგილობრივი სამსახური. „შესაბამისად, თუ რამე პრეტენზიები აქვთ, სააგენტოს ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ და არა ჩვენ. დახმარებების მასობრივად შეწყვეტა რომ ხდება, ამას რაიონში არ ვწყვეტთ", - განაცხადეს სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში.