შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე გაერთიანებულ პროფკავშირებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავჭალის დასახლებაში არსებული სანატორიუმი, სადაც მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიების მქონე ბავშვებს მკურნალობენ, ჯერჯერობით არ დახურულა და ფუნქციონირებას განაგრძობს.
"სასურველია, სანამ პროფკავშირები რაიმე განცხადებას გააკეკეთებს და სანამ დეზინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, ინფორმაცია ჩვენგან მიიღონ. საავადმყოფო ჯერჯერობით ფუნქციონირებს, თუმცა შენობა ამორტიზირებულია", - განმარტა ურუშაძემ.
მისი თქმით, დაგეგმილია საავადმყოფოსთვის "ახალი სტატუსის მინიჭება".
"თანამედროვე მეთოდოლოგიით, ბავშვების დაბმა საწოლებზე და სიმძიმეების დაკიდება, არ შეიძლება. ყველა ბავშვს ექნება დაზღვევა, ყველა ბავშვს აუნაზღაურდება ოპერაციის ხარჯები. მშობლებს უკვე მიეცათ რეკომენდაცია, ისინი ატარონ სკოლაში ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად. ყველა თანამშრომელს მიეცა წინადადება, გააგრძელონ მუშაობა სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში, რადგან ამორტიზირებულია ეს შენობა. თუ რომელიმე მშობელი უარს იტყვის ბავშვის სახლში წაყვანაზე, ისინი სააღმზრდელო დაწესებულებში გადავლენ", - განმარტა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროფკავშირების ინფორმაციით, ავჭალის დასახლებაში არსებული სანატორიუმი "გაზაფხული" არსებობას შეწყვეტს. სანატორიუმი "გაზაფხული" 40 წელია ფუნქციონირებს. მასში მკურნალობასა და რეაბილიტაციას მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიებით, კერძოდ კი "პერტესის" სინდრომით დაავადებული პატარები გადიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არის, რამდენიმე მათგანი ობოლია. პროფკავშირის განცხადებით,Yსანატორიუმის მედპერსონალს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.