2 მარტს, 12:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის ახალი სახეობების - "სპელეო ტურიზმი", "კანიონინგი" და "საფარი" - განვითარების პრეზენტაცია გაიმართება.
ახალი ტურისტული პროდუქტების შემუშავებაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტთან ერთად მუშაობს. პრეზენტაციას გახსნის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე, რომელიც ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად მოუყვება აღნიშნული ინიციატივის აუცილებლობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალტუბოს მღვიმეთა სისტემის შესწავლა (სულ 11 მღვიმე) და შესაბამისი ტურისტული მარშრუტების შემუშავება. ანალოგიური პროექტი დაგეგმილია ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის სამეგრელოს ხეობებში (აბაშისწყალი, გაჭედილის კანიონი, მღვიმეები, ჩანჩქერები). კერძოდ, ტერიტორიის ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბების მიზნით კონკრეტული მარშრუტების შემუშავება და მარკირება, რომლებშიც შევა მარტვილის და ხობის სამონასტრო კომპლექსებიც.