თბილისის მერმა გიგი იგულავამ აღმაშენებლის ხეივანში აზერბაიჯანული ინვესტიციით მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მოინახულა. უგულავას თქმით, ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხორციელდება აზერბაიჯანული კერძო ინვესტიციით.
"უახლოესი ორი წლის განმავლობაში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხორციელდება აზერბაიჯანული კერძო ინვესტიციით. საავადმყოფოში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სამასამდე ქართველი ექიმი იმუშავებს, ანუ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პარალელურად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში სამედიცინო მომსახურებას გააუმჯობესებს, მას ხარისხიანისა და ხელმისაწვდომს გახდის. თბილისს აქვს პოტენციალი სხვა ქვეყნებიდან პაციენტები მოიზიდოს, რაც დამატებით შესაძლებლობას შექმნის სამედიცინო სფეროს განვითარებისათვის", - განაცხადა უგულავამ.
ახალი სამედიცინო ცენტრი 196 საწოლ ადგილზეა გათვლილი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სამედიცინო კლინიკაში გულზე, თირკმელებზე, ფილტვებზე და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე ისეთი ოპერაციები ჩატარდება, რომელიც აქამდე საქართველოში არ ტარდებოდა, გათვალისწინებულია ასევე ორგანოთა გადანერგვაც.
სამედიცინო ცენტრში ადგილობრივ კვალიფიციურ ექიმებთან ერთად, ისრაელის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებილი შტატების წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ. სპეციალურად მათთვის სამედიცინო კომპლექსში სასტუმრო ბლოკი მოეწყობა.
ახალ სამედიცინო ცენტრში სამედიცინო პროფილის 300 ადამიანი დასაქმდება.
კლინიკის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე ჩასხმულია ფუნდამენტი, მიმდინარეობს სარდაფისა და პირველი სართულის სამშენებლო სამუშაოები. ობიექტზე 60 ადამიანია დასაქმებული. კლინიკის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.
სამედიცინო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ინვესტორსა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.