საქართველოს პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლა შეიძლება პირველი პოზიტიური ნაბიჯი გახდეს ქვეყნის გამთლიანებისთვის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა.
"არსებობს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, რომელიც ახლა არის მინიმალიზირებული, მაგრამ არსებობს ეკლესიებს შორის ურთიერთობები, რომელთაც თავის დღისწესრიგი აქვთ. რა თქმა უნდა ეს ურთიერთობების მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და ამან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის ამ დაძაბული ვითარების განხილვას", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, რა გავლენის მოხდენა შეუძლია რუსეთის საპატრიარქოს რუსეთის ხელისუფლებაზე, თუმცა ეკლესიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია.
"რაც შეეხება აფხაზეთში ჩასვლას, როგორც იცით, პატრიარქის წოდებაშიც არის ასახული, რომ ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსიც არის. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია, ეს არის საქართველოს ეკლესიის საზღვრები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩასვლა ქართულ მიწაზე ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა ეს გახდეს პირველი პოზიტიური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დეპუტატმა.