ლეიბორისტული პარტია მიესალმება ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებას, თუმცა ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებსა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში მიმართვას უგზავნიან, რათა არ აამოქმედონ რეადმისიის ხელშეკრულება, რომელიც ქართველების დეპორტაციას გულისხმობს.
როგორც პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აცხადებს, რედამისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების აღება და მისი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, დანაშაულის ტოლფასია.
"ლეიბორისტული პარტია, რომლის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია _ ევროინტეგრაცია და უნივერსალური ევროპეიზაცია, ცხადია, მიესალმება ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებას მაგრამ, ამასთან ერთად დღეს სპეციალური განცხადებით მიმართავს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს, აგრეთვე, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რათა არ აამოქმედონ რეადმისიის ხელშეკრულება, რომელიც, ასევე დღეიდან შედის ძალაში და რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება _ იძულებით და დეპორტაციის გზით ჩამოიყვანოს ევროკავშირის ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები", _ განაცხადა კირტაძემ.
მისივე თქმით, ასეთი ვალდებულების აღება და მისი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, დანაშაულის ტოლფასია რადგან ზოგადად, ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა და უმძიმესი სოციალური ფონია, უფრო მეტიც, საქართველო სიციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება.
"დღეს გაგზავნილი სპეციალური მიმართვით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცნობთ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებს საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას და მიმართვაში ავღნიშნავთ, რომ:
ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ტოტალური უმუშევრობა და, იმის მიუხედავად რომ ოფიციალური სტატისტიკა უმუშევრობას 19-20 %-ით განსაზღვრავს, რაც დასაშვებ ზღვარზე ორჯერ მეტია, რეალურად იგი მინიმუმ 50-70%-ით განისაზღვრება", _ აცხადებს კირთაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში ძირითადად დასაქმებულნი არიან სახელმწიფო დაწესებულებებში და ძალოვან სტრუქტურებში; ან მოქალაქეები საქმდებიან მმართველი პოლიტიკური პარტიის კუთვნილების ნიშნით.
კირთაძის ინფორმაციით, მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ხელისუფლებისაგან მხადაჭერილი მონოპოლიები. შესაბამისად, არ ვითარდება თავისუფალი ბიზნესი და არ იქმნება და არ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
"მომსახურეობის სფერო, და ჯერ კიდევ არშეწყვეტილი საერთაშორისო ეკონომიკური პროგრამები, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მხოლოდ უმცირესი ნაწილია. ხელისუფლება დასაქმებისა და სოციალურ პროგრამებს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, ისიც მხოლოდ ერთი თვით განსაზღვრავს და პიარზეა გათვლილი. ყოველდღიურად იზრდება ფასები საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის, პირველადი მოხმარების საკვებზე. ზოგადად, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია, უფრო მეტიც, საქართველო სიციალური აფეთქების ზღვარზეა. ასეთ პირობებში უცხოეთის ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად წასული ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია და იძულებით უკან ჩამოყვანა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ტოლფასია. გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ სოციალურ დახმარებას და დასაქმებას. კიდევ ერთხელ და დაბეჯითებით გთხოვთ, არ აამოქმედოთ დღეიდან ძალაში შესული რეადმისიის ხელშეკრულება", _ აცხადებს კირთაძე.