რუსეთის მართმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომ არ აღიარა ეს საქართველოს პატრიარქის გავლენის შედეგია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა.
"პატრიარქის მიერ სინოდის გადაწყვეტილებით თავის ტიტულში ცხუმ-აფხაზეთის და ბიჭვინთს ჩართვა იმპულსური გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო კარგად გათვლილი დიდი პროექტის განხორციელების დასაწყისი. თუ მივადევნებთ თვალს, როგორ ვითარდება მოვლენები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რამდენად შემაშფოთებელი ტენდენცია ქართული სულიერების ძეგლებთან მიმართებაში, ამ დროს მისი უწმინდესობა აცხადებს, რომ აპირებს თავისი ეპარქიის მონახულებას, რის შემდეგაც უკვე მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ქართველების და რუსების მოლაპარაკების დაწყების მკაფიო მესიჯით მიემგზავრება და სავარაუდოდ იქვე გადაწყდება და შეთანხმდება პატრიარქის აფხაზეთში ვიზიტიც", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისივე შეფასებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გავლენა მართმადიდებლურ სამყაროში იმდენად დიდია, რომ მის წინაშე იშლება არ მხოლოდ პოლიტიკური საზღვრები, ასევე ეთნიკური და სახელმწოფოთა შორის კონფლიქტებიც კი ფერმკრთალდება.
"თუნდაც ავიღოთ უზარმაზარი გავლენა რუსეთის ფედერაციაში რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ აღიარა. ეს საქართველოს პატრიარქის გავლენის შედეგებია. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა ისევე მიიღებენ ამ უდიდეს სულიერ ლიდერს, როგორც მას მიიღებს რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია", - დასძინა დეპუტატმა.
რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის საკითხს, ლალიაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც პატრიარქი ცეცხლმოკიდებული გორში შევიდა მარტო დაუცველობის შიში მას არ ჰქონია, თუმცა თუ აფხაზეთში ვიზიტის შეთანხმება მოხდა მისი ფიზიკური უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია გაემგზავრა, რომელიც შეხვედრას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართავს შეხვედრას.
წინასწარი ინფორმაციით, ქართული დელეგაცია აფხაზეთში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის საკითხსაც დააყენებს.