"გამარტივებული სავიზო რეჟიმი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმს საქართველოსთვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა დღეიდან. ეს არის საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რასაც ქვეყნისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და მოსახლეობისთვის კი ძალიან დიდი შეღავათები მოაქვს. გამარტივებული პროცესები მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს მიმოსვლასა და გადაადგილებას გაუადვილებს. ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
დღეიდან, 1-ლი მარტიდან. ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან შეღავათებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას (60 ევროდან 35 ევრომდე), რიგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის (მაგ., პენსიონრები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ახლო ნათესავები, სტუდენტები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ.) სავიზო მოსაკრებელის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას 10 კალენდარული დღის განმავლობაში და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება გასული წლის 14 დეკემბერს დამტკიცდა.