საქართველოში შვეიცარიის საელჩო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული მე-11 - მე-12 საუკუნეების ხატების კონსერვაციას დააფინანსებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროექტის განხორიელებისათვის გამოყოფილ იქნება თანხა 2000 ევროს ოდენობით.
პროექტის დაფინანსება მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შედეგად.
"აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, განხორციელდა საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ვიზიტი ზემო სვანეთში, 2010 წლის სექტემბერში კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც დასახულ იქნა კონკრეტული გეგმები სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის რეაბილიტაციის, ასევე, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დაგეგმილი რიგი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.