საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე მაია კობახიძე თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ჩერქეზაშვილს "პროვოკაციებში" ადანაშაულებს.
"მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეხვედრა მქონდა უცხოელ კოლეგებთან, რომელთა თბილისში ვიზიტიც დროში იყო განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა ჩერქეზიშვილმა იცოდა ამ ვიზიტისა და იმის შესახებ, რომ არ ვიქნებოდი სათაო ოფისში, თავის მომხრეებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა პროვოკაციული ქმედება. ეკა ჩერქეზიშვილის მიერ მართული პირები, სულ 20 რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მოვიდნენ სათაო ოფისში და შექმნეს სურათი, თითქოს მე მათთან შეხვედრას თავს ვარიდებდი, მოიწვიეს ჟურნალისტები და გააკეთეს დეზინფორმაციული კომენტარები", - აცხადებს კომახიძე და აღნიშნულის საპასუხოდ განმარტავს, რომ "წესდების მე-7 მუხლის 7.1.1 პუქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში არიან სრულ განაკვეთზე მომუშავე ხელფასიანი მუშაკები".
"ფაქტია, რომ ორგანიზაცია იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, შესაბამისად, კრიზისულ პირობებში ორი მაღალანაზღაურებადი შტატიანი თანამშრომლის დანიშვნა მიმაჩნია, მიზანშეუწონლად, ვინაიდან ორგანიზაციას მოუწევს დამატებითი ხარჯების გაწევა. სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს კოლეგიური მართვის ორგანოს. ამ ორგანოს წევრებს შორის არსებული სერიოზული პრინციპული დაპირისპირებების პირობებში, შეუძლებელია რაიმე გადაწყვეტილების მიღება. წევრებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ჩერქეზიშვილის მიერ სპმთპ-ის წესდების უხეში დარღვევით საკუთარი თავის "პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად" გამოცხადების გამო. ჩერქეზიშვილი და მისი გუნდი მიხვდა თავიანთი გადაწყვეტილების არაკანონიერებას და დღეს უკვე ამ საკითხზე აღარ საუბრობენ. ასეთ დაძაბულ ვითარებაში აღმასრულებელი საბჭოს ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
მისივე განმარტებით, მან დაპირისპირებულ გუნდს შეთავაზა, რომ შექმნილიყო "ორმხრივი საინიციატივო ჯგუფი" და მათი მეშვეობით დაწყებულიყო საბჭოს გამთლიანების თაობაზე მოლაპარაკება.
"ამ პროცესის წარმართვის პარალელურად აუცილებელია ჩატარდეს სპმთპ-ის 12 რაიონულ ორგანიზაციაში საარჩევნო კონფერენციები. აღნიშნულ 12 რაიონულ ორგანიზაციაში არიან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლები, რომელთა შორის ორი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორია. საინიციატივო ჯგუფებს შორის კომპრომისის მიღწევისა და კონფერენციების ჩატარების შემდგომ, გამოვთქვამ მზადყოფნას, ჩატარდეს აღმასრულებელი საბჭო. რაც შეეხება ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ბრალდებას, დაინტერესებულ პირებს განვუმარტავ, რომ „სპმთპ-ის პროგრამული ბიუჯეტის და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ბიუჯეტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების წესის შესახებ" დებულების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,საფინანსო წლის დაწყებამდე სამი თვით ადრე, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროგრამული ბიუჯეტის პროექტს". შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტს საფინანსო დარგში 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა განეხორციელებინა დებულების აღნიშნული მოთხოვნა, რაც არ შესრულდა და დღეს ის ე.წ "ოპოზიციაშია", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც მაია კობახიძე აცხადებს, 2011 წლის პირველი იანვრიდან ორგანიზაციის თანხების ხარჯვა მიმდინარეობს "სპმთპ-ის პროგრამული ბიუჯეტის და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ბიუჯეტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების წესის შესახებ" დებულების შესაბამისად, რომლის მე-2 მუხლის 2.7 პუნქტის თანახმად, "განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია წინა წლის ბიუჯეტის 1/12-ის ხარჯვა".
"ჩემთვის, აგრეთვე, გაუგებარია, რა კონკრეტული ფაქტები გააჩნია დაპირისპირებულ მხარეს ჩემს მიერ თანხების "არამიზნობრივად ხარჯვასთან" დაკავშირებით. ამ საკითხზე, სიმართლის გარკვევის მიზნით, უახლოეს პერიოდში ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება დახარჯული თანხების სრული ნუსხა. ვფიქრობთ, აღნიშნული ქმედება გამჭირვალეს გახდის თანხების მოძრაობას ბოლო 4 თვის განმავლობაში. ასევე მოვუწოდებ ქალბატონ ჩერქეზიშვილს, მანაც გამოაქვეყნოს თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ბიუჯეტის თანხების ხარჯვის სრული ნუსხა 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე. გაკვირვებას და გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პროფკავშირული ორგანიზაციის "დაინტერესებული და შეწუხებული" ჯგუფი არ იცნობს სპმთპ-ის წესდებას და სტრუქტურას. ოპონენტებს ვურჩევ, კომენტარებისა და ბრალდებების წამოყენების დროს იხელმძღვანელონ სპმთპ-ის წესდებით და არა საკუთარი ფანტაზიებით. არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთი გარემოება: სატელევიზიო კომენტარებში ქალბატონმა ჩერქეზიშვილმა ახსენა მმართველი პარტია და ხელისუფლება. ამ ფაქტს ვაფასებთ პროფკავშირული ორგანიზაციის შიგნით არსებული დაძაბულობის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობად, რაც ჩემთვის და ალბათ ყველა პროფკავშირული მუშაკისათვის, მიუღებელ და უზნეო ფაქტს წარმოადგენს. ქალბატონ ჩერქეზიშვილს შევახსენებ, რომ პროფკაშირული ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი გაერთიანება და არა პოლიტიკური ორგანიზაცია", - განმარტავს მაია კობახიძე.