დღეიდან, 1-ლი მარტიდან. ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან შეღავათებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას (60 ევროდან 35 ევრომდე), რიგი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის (მაგ., პენსიონრები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ახლო ნათესავები, სტუდენტები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ა.შ.) სავიზო მოსაკრებელის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას 10 კალენდარული დღის განმავლობაში და ა.შ.
„უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.
საგარეო უწყების შეფასებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ზემოხსენებული შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებისა და ადამიანთა მობილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
"დიდი ხანია ამ შეთანხმების ძალაში შესვლას ველით, რადგან ეს, ერთი მხრივ, ჩვენთვის ცალსახა პოლიტიკური განაცხადია, რომ ევროკავშირი კვლავ თავისი პოლიტიკის ერთგული რჩება საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენი ურთიერთობის პროგრესი სამომავლოდაც გაგრძელდება და მეორე მხრივ, რეჟიმის გამარტივებას ჩვენი მოქალაქეები უშუალოდ იგრძობენ და იმედი გვაქვს, დამატებითი გართულებები ამ საკითხს აღარ მოჰყვება", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება გასული წლის 14 დეკემბერს დამტკიცდა.