"ფოთი უნდა დაეწიოს და გაუსწროს ბათუმს",_აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში სუპერმარკეტ "სმარტის" მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე.
"გარშემო პარკი გაკეთდება და მდინარის პირას ბულვარი ექნება ფოთს. ფოთი მაგარი ქალაქი იქნება, ბოლოს ამასაც მოესწრებით. მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი", _განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებული გემის ფორმის სავაჭრო ცენტრი 3 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.
მაღალტექნოლოგიურ სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს გარდა, 150 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრიც განთავსდება, სადაც ორი დარბაზი იქნება. მშენებლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სავაჭრო ცენტრში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება.
პრეზიდენტი სავაჭრო ცენტრის მშენებლობით კმაყოფილი დარჩა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ფოთში თეგეტა მოტორსის მომსახურების ოფისის მონახულების შემდეგ სუპერმარკეტ "სმარტის" მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. ვისოლი-ჯგუფი გაფართოებას განაგრძობს და ფოთში ახალი ობიექტის მშენებლობას იწყებს.