ადმინისტრაციულ ან/და სამოქალაქო დავებში იუსტიციის სამინისტროს ჩართვა მარტივდება. კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო შეიძლება საქმეში ჩაერთოს მაშინ, როდესაც დავის საგნის ღირებულება 500 ათასი ლარია.
დღეს მოქმედი ნორმით, თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავისას ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ორგანოა და დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, ან თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, შესაძლებელია საქმეში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთოს.
კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა.
ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს. წესი არ ვრცელდება საგადასახადო დავებზე.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.