ოპოზიციას ხელისუფლებაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვს. ამის შესახებ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ გია თორთლაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ლიტვურ ჟურნალ Valstybė -ისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას აღნიშნა.
"პარლამენტში ოპოზიცია მცირე რაოდენობითაა არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ორი ფრაქცია, რეალურად ყველა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია უმრავლესობას ოპოზიციის გარეშე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებისაც კია რომელსაც ყველაზე მაღალი კვორუმი სჭირდება", - აღნიშნა თორთლაძემ.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ოპოზიციონერი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ მათი ქმედებებიდან ხალხში ნდობა აქვთ დაკარგული, რომლის მიზეზიც მოსახლეობაში ცრუ მოლოდინების შექმნას უკავშირდება.
"არც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვნენ და არც არანიარი ბერკეტი არ გააჩნიათ, რომ ხელისუფელებაზე ზემოქმედება მოახდინონ. ამიტომ მათ ქმედებას არაფერი შედეგი არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება უყურებს საქართველოს ცოტა უნდობლობით, რომ არ არის მთლად სტაბილური ქვეყნა რადგან სამი თვე მიტინგები ტარდებოდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქართული ოპოზიცია დღეისთვის სიძლიერით არ გამოირჩევა. სააკაშვილს მიაჩნია, რომ პრობლემა არა ოპოზიციის უფლებების არარსებობაა, არამედ ის, რომ მათი ლოზუნგები ხალხს არ მოსწონს.
"რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ოპოზიცია, მით უარესად გამოიყურება. ნაწილობრივ, ვეთანხმები დასავლეთის შენიშვნებს - ამ კუთხით პრობლემები არსებობს, რადგან განვითარების აუცილებელ დონეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.