საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს მისამართით რუსეთის ცრუ ბრალდებებზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირებას ითხოვს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ შესთავაზა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ნაბიჯები ერთობლივად გადაედგათ, რაზედაც ოფიციალური მოსკოვი არ წამოვიდა.
"დომოდედოვოს აეროპორტის ტერაქტში საქართველოს დადანაშაულება არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოლიტიკური თამაშის ნაწილი. ვიცი, რომ რუსეთს ხელისუფლებას აქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში და ზოგადად ქვეყანაში დესტაბილიზაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთს სურს, თავისი პრობლემები სხვა ქვეყანაზე გადაამისამართოს.
"დომოდედოვოს ტერაქტთან დაკავშირებით ტოროშინის განცხადებები იმით არის გამორჩეული, რომ ის ტერაქტში მონაწილეობაში ხან აშშ-ს ადანაშაულებს, ხან თურქეთს და ხან საქართველოს. ეს არის სერიოზული პროვოკაციული განცხადებები, მძიმე ბრალდებები და ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებული იქნება ამ დღეებში, რათა ამ ტიპის განცხადები იყოს შეფასებული და მათზე სათანადო რეაგირება მოხდეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტოროშინმა საქართველოს ხელისუფლება დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, ტერაქტი დოკუ უმაროვის მოწყობილი იყოს.
"უმაროვი, შესაძლოა, მხოლოდ ფულის გამტარი ყოფილიყო", - აცხადებს რუსი პოლიტიკოსი.