"მიხეილ სააკაშვილი ეგუება იმ აზრს, რომ 2013 წელს თანამდებობას უნდა გამოემშვიდობოს ", - ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა "ჯი-ეიჩ-ენს," საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლიტვური ჟურნალის, Valstybė -სთვის მიცემულ ინტერვიუზე კომენტირებისას განუცხადა.
"მიხეილ სააკაშვილის ასეთ გულწრფელ აღიარებას მივესალმები. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა უკვე დაიწყო ფიქრი და მზადება იმისთვის, რასაც პოსტსააკაშვილური პერიოდი ჰქვია _ ანუ, სააკაშვილი ეგუება, რომ 2013 წელს ის უნდა გამოემშვიდობოს მაღალ თანამდებობას, აქტიურ პოლიტიკას მაღალჩინოსნის რანგში და ფიქრობს, რომ ხელისუფლებიდან ისე წავიდეს, რომ ქვეყანას ნაკლები უბედურება მოუტანოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის გარეშე საქართველო, ამას ქართველი ერი არჩევნებზე გადაწყვეტს", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი "სხვა" გადაწვეტილების მიიღებს და ავტოკრატად ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, "ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იქნება და ქვეყანას ცუდ შედეგებამდე მიიყვანს".
ამასთან, ახვლედიანი პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ოპოზიციის სიძლიერესა და სისუსტეზე მიხეილ სააკაშვილმა ნაკლებად უნდა იდარდოს".
"გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შიდა დაპირისპირება, მათი უსაგნო და უშინაარსო ბრძოლა, დიდ ზიანს აყენებს წარმატებაზე და შედეგზე არაორიენტირებულ ოპოზიციურ ძალებსაც და საზოგადოებაში ისინი იმედგაცრუებას იწვევენ. ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს, რომელზეც შეგვიძლია ვისწავლოთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 20 წელია რაც ქვეყანა დამოუკიდებელია და შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ კისერი არ უნდა მოიტეხო, რაც შემდეგ ვეღარ გამოსწორედბა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქართული ოპოზიცია დღეისთვის თავის სიძლიერით არ გამოირჩევა.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ პრობლემა არა ოპოზიციის უფლებების არარსებობაა, არამედ ის, რომ მათი ლოზუნგები ხალხს არ მოსწონს.
"რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ოპოზიცია, მით უარესად გამოიყურება. ნაწილობრივ, ვეთანხმები დასავლეთის შენიშვნებს - ამ კუთხით პრობლემები არსებობს, რადგან ჩვენ განვითარების აუცილებელ დონეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.