საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის ბიზნესსაბჭოში ჩართვას ითხოვს.
აღნიშნული საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ დააყენეს.
"რაც უფრო მეტი ფორმატი იარსებებს ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის ურთიერთობისთვის, მით უფრო მისასალმებელია, თუმცა, პარლამენტი არ არის მონოპარტიული და აქ წარმოდგენილია ოპოზიციური ფრაქციები, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენლები კომიტეტების თავმჯდომარეები არ არიან. ამიტომ მინდა ვთხოვო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ ჯგუფის მუშაობაში საპარლამენტო ოპოზიციაც ჩართოს", - განაცხადა თარგამაძემ.
რაც შეეხება თორთლაძეს, მისი თქმით, "კარგი იქნება, თუ ბიზნესსაბჭოში თითო ფრაქციას თითო წევრის შეყვანის საშუალება მიეცემა".
საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიზნესსაბჭოს შემადგენლობის "პოლიტიკური ნიშნით დაყოფა არასწორია".
"ამ წინადადების პრინციპული წინააღმდეგი არ ვარ და მზად ვარ შემდგომი კონსულტაციებისთვის. გურამ ჩახვაძე ბიზნესსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობს, მაგრამ არა როგორც ოპოზიციის, არამედ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მიმაჩნია, რომ საბჭოში პოლიტიკური ნიშნით დაყოფა არასწორი იქნება", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.