საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, დარჩიაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო არენაზე ხმალამოღებული იცავს.
"საქართველოს წინააღმდეგ საერთაშრისო არენაზე მიმდინარეობს ძალიან დიდი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დეოკუპაციისთვის, ჩვენი პოზიციების გამაგრებისთვის. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ის, ვინც ჩვენ გვებრძვის, ცდილობს, რომ გაამართლოს მის მიერ ჩადენილი უსამართლობა და ამ ბრძოლაში ის არ ერიდება არანაირ სიბინძურეს, არანაირ მოსყიდვას, ყველაზე ცუდის, არაკაცური და ამორალური მეთოდების გამოყენებას. საბოლოო ჯამში, როგორც დავითის და გოლიათის ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაც დასრულდება გამარჯვებით, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლაში გვყავს ხალხი, რომელიც განსაკუთრებით წარჩინებულია. მათ შორისაა დავით დარჩიაშვილი", - განაცხადა სააკაშვილმა.
თავად დეპუტატის შეფასებით კი, ჯილდოს მიღება მისთვის უდიდესი პატივია.
"ეს არის ჯილდო, რომლის მსგავსიც არასდროს მიმიღია და თუ რამე გამიკეთებია ის ორი მიზეზით იყო განპირობებული: პირველი _ მიზანი, რომელსაც ვემსახურები და რომელმაც ბატონო პრეზიდენტო, თქვენს გვერდით დამაყენა, ეს არის მოდერნიზაცია ამ ქვეყნის და მეორე - გუნდი, რომელიც დამხვდა და რომელმაც შემიქმნა საოცრად ხელსაყრელი ინტელექტუალური და ემოციური, მეგობრული გარემო, რაც თითოეულ ჩვენგანს აძლევს შესაძლებლობას ყველამ გავაკეთოთ მაქსიმუმი", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა ბრწინვალების ორდენის მიღების შემდეგ.