საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს.
"საერთაშორისო ვითარება არის ძალიან რთული. მსოფლიო, პრაქტიკულად, ომის მდგომარეობაშია. ნავთობის ფასები ავიდა და კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს. ამით მსოფლიო ეკონომიკა ჩამოიშლება. ასე რომ, კარგი არჩევანი არ არის: გვაქვს ან მაღალი ფასები და ჩამოშლილი ეკონომიკა, ან მაღალი ფასები და კიდევ შემდგომი ინფლაცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელთაც ანტიკრიზისული სტრატეგია შესთავაზა.
ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი გუნდის წევრებს საქართველოს ეკონომიკის "გადასარჩენად" საგანგებო დავალება მისცა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა "მსოფლიო კრიზისის ოკეანეში პატარა ნაფოტი არ აღმოჩნდეს".
"საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს პატარა ნაფოტი, მსოფლიო კრიზისის ოკეანეში. ამისთვის, ჩვენი ამოცანაა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულნი, მაქსიმალურად მეტი თავისუფლება მივცეთ ბიზნესს და გავუხსნათ მას მეტი შესაძლებლობები. შევინარჩუნოთ ის მთავარი პრიორიტეტები, რაც საქართველოს აქვს - სახელმწიფო, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის არაკორუმპირებულობა, კარგი საგადასახადო გარემო, რაც კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ. თუ გონივრულად, ორგანიზებულად და ძალიან მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ, შეიძლება ჩვენი ეკონომიკა რა მხოლოდ გადავარჩინოთ, არამედ არსებული სიტუაციიდან გაძლიერებულიც გამოვიდეთ", - განმარტა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, ერთ საათს გაგრძელდა.