საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე კვირას ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
ოფიციალური ინფორმაციით, ვაშაძე სლოვაკეთს 2-4 მარტს, ეგვიპტიდან ეწვევა, რის ფარგლებშიც ის ორმხრივ შეხვედრას ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის კოლეგა მინისტრთან გამართავს.
გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე ვიშეგრადის ოთხეულის შეხვედრას დაესწრება, რომელშიც აღმოსავლეთ პარტიონორობის ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.
"შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნება სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომი განვითარების გეგმები. ამავე დროს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, პოლონეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეორე სამიტის მოსამზადებელი საკითხები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავის 2011 წლის გლობალური უსაფრთხოების მე-6 საერთშორისო ფორუმში, რომელზეც ის სიტყვითაც გამოვა.