ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება ძალაში ხვალიდან, 1-ლი მარტიდან, შევა.
"დიდი ხანია ამ შეთანხმების ძალაში შესვლას ველით, რადგან ეს, ერთის მხრივ, ჩვენთვის ცალსახა პოლიტიკური განაცხადია, რომ ევროკავშირი კვლავ თავისი პოლიტიკის ერთგული რჩება საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენი ურთიერთობის პროგრესი სამომავლოდაც გაგრძელდება და მეორეს მხრივ, რეჟიმის გამარტივებას ჩვენი მოქალაქეები უშუალოდ იგრძობენ და იმედი გვაქვს, დამატებითი გართულებები ამ საკითხს აღარ მოჰყვება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება გასული წლის 14 დეკემბერს დამტკიცდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების" შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.