საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის შეფასებით, ალექსანდრე ტორშინის მიერ დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტში საქართველოს დადანაშაულების მიღმა "ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი უნდა დავინახოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მოსაზრებაა".
"აქ საუბარია ძალიან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე, მით უმეტეს, რომ განცხადება სრულიად უსაფუძვლოდ გაკეთდა (თვითონ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც კი არ გაკეთებულა არავითარი მინიშნება იმას თაობაზე, რომ ტერაქტრში საქართველოს კვალი იკვეთებოდა). ასე რომ, როცა სრულიად, უხეშად რომ ვთქვათ, ციდან მოტანილი ამბის საჯარო პირის მიერ გაცხადება ხდება, ის უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მიერ გაკეთებული განცხადება. შესაბამისად, რასაკვირველია, ამ განცხადების მიღმა უნდა დავინახოთ ბევრად უფრო სერიზული ჩანაფიქრი, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მიერ მიცემული ინტერვიუ და მისი პიადი მოსაზრებაა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე ტორშინის სკანდალურ განცხადებას "შემაშფოთებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომ "რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ამ ტიპის განცხადებებმა ბოლო პერიოდში სულ უფრო იმატა".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კიდევ უფრო უნდა მიექცეს ამ საკითხს", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, "რასიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტორშინმა საქართველო ტერაქტის ორგანიზატორად დაადანაშაულა.