ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პიარ სკოლაში იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის - „იუსტიციის სახლის" პრეზენტაცია გაიმართა. პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტების შეკითხვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ უპასუხა.
გიორგი ვაშაძემ პიარსკოლელებს შესთავაზა ერთობლივი პროექტის განხორციელება - სტუდენტები პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის საგამოცდო პრეზენტაციის ფარგლებში მოამზადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "იუსტიციის სახლის" პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საკუთარ ხედვას.
კამპანიის მიზანია ბათუმში 2011 წლის მაისში დაგეგმილი პირველი იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალის ორგანიზება, პრე და პოსტ საინფორმაციო მასალების გავრცელება, იუსტიციის სახლისა და მისი სერვისების პოზიციონირების უზრუნველყოფა მოქალაქეებთან ინტენსიური კომუნიკაციური ურთიერთქმედების განხორციელების გზით და სხვა.
აღნიშნულ პროექტს კურსის სტუდენტები დამამთავრებელი გამოცდის სახით პიარ სკოლის ლექტორებსა და იუსტიცის სამინისტროს წარმომადგენლებს აპრილის ბოლოს წარუდგენენ. საუკეთესო პროექტის განხორციელებას იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს.