თბილისში სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობამ მოძრაობა აღადგინა. მძღოლების ძირითადმა ნაწილმა გაფიცვა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ქალაქის მუნიციპალიტეტმა განუმარტა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მძღოლებს ყოველდღიურ 10-ლარიან გადასახადს არ გაუზრდიან და მათი უფლებები დაცული იქნება.
რიგი ხაზების სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, რომ მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით.
ამის მიუხედავად, ზოგიერთ სამარშრუტო ხაზზე გაფიცვა დღესაც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერიამ კონკურსი იანვარში ჩაატარა. საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებისგან, ასევე, მთავრობის წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ 4 გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
ქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კომპანიები სამარშრუტო ტაქსებისთვის არც გადასახადებს და არც მგზავრობის საფასურს არ გაზრდიან. სამსახურს შეინარჩუნებს და დასაქმებული იქნება ყველა მძღოლი, მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო მანქანით იმგზავრებს, სოციალურად დაუცველებისთვის კი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაზე შეღავათიანი ფასები დაწესდება.
თბილისის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა მხოლოდ სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდება, მგზავრების ინტერესების დაცვის მიზნით, მერია ავტობუსის ხაზების დანიშვნასაც აპირებს.