დღეს 27 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეში" მორიგი საყოველთაო ნათლობისთვის ჩვილთა რეგისტრაცია სრულდება. რეგისტრაცია 25 ტებერვალს დაიწყო და დღეს 16:00 საათზე დასრულდება.
მსურველებმა უნდა წარადგინონ ჯვრისწერის, ქორწინებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები. ასევე, შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობები. მოსანათლი ბავშვის ორი საპასპორტო ფოტოსურათი და ასევე დისკზე ჩაწერილი ერთი ფოტოსურათი. აგრეთვე, თან უნდა იქონიონ საოჯახო ფოტოსურათი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მისი მომდევნო შვილები გახდებიან.
ცნობისთვის, ამ დროისთვის პატრიარქის ნათლული 7 700 ბავშვია. პირველი საჯარო ნათლობა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
ჩვილთა მე-16 საჯარო ნათლობა 3 მარტს, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.