საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს.
მისი მტკიცებით, „მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“.
„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.
აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.
მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა".